დავით ჭიჭინაძე „პატრიოტების“ ფრაქციიდან...

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფრაქცია ‘საქართველოს პატრიოტების’ შემადგენლობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ თავად ჭიჭინაძემ თქვა. მისი თქმით, ფრაქციის წევრებთან თავიდანვე შეთანხმდა, რომ იქ დროებით იქნებოდა. ინფორმაციას სააგენტო ‘ინტერპრესნიუსი’ ავრცელებს.
‘ფრაქციაში შევედი მეგობრულად, კოლეგიალურად და ასევე, იმ რეზოლუციის მხარდასაჭერად, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას უკავშირდება’, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დავით ჭიჭინაძე ‘პატრიოტთა ალიანსის’ ფრაქციას 8 ოქტომბერს შეუერთდა. მან ამ ადგილზე ნატო ჩხეიძე შეცვალა, რომელიც ფრაქციიდან 17 სექტემბერს წავიდა. ჭიჭინაძე მმართველი პარტიიდან 18 ივლისს გარიცხეს, მმართველი გუნდი კი 11 სექტემბერს დატოვა.
უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ მაშინ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არჩილ თალაკვაძემ და თამარ ჩუგოშვილმა მიიღეს.
უმრავლესობის წევრების განცხადებით, დავით ჭიჭინაძემ არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. ამასთან, პარლამენტარმა რამდენიმე კრიტიკული განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართ.
‘პატრიოტთა ალიანსის’ ფრაქციიდან ჭიჭინაძის წასვლით, ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე დადგება. პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად 6 დეპუტატია საჭირო, ჭიჭინაძის გამოკლებით კი 5-ნი დარჩებიან.
