ილია ელოშვილი: სითი ინსტიტუტზე მერიის გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, კომპანია “სითი ინსტიტუტთან” მიმართებაში დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება სამართლიანი და არგუმენტებით გაყარებული იქნება. ამის შესახებ ელოშვილი, სითი ინსტიტუტის ორგანიზებულ შეხვედრაზე თქვა, სადაც გენგეგმა კიდევ ერთხელ განიხილეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
”ჩვენი პოზიციები არაერთხელ დავაფიქსირეთ სხვადასხვა მიმართულებით. კომუნიკაცია “ სითი ინსტიტუტთან” მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. მათი დღევანდელი პრეზენტაცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან ჩვენ იმიტომ ვატარებთ საჯარო შეხვედრებს გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ საბოლოოდ, მაქსიმალურად დარწმუნებულები ვიყოთ. გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არგუმენტირებულად გამყარებული. ჩვენ ვსვამთ კითხვებს რამდენიმე მიმართულებით, რამდენად გამოყენებადია ის დღეს იმ ფორმით, რაც არის, თუნდაც იურიდიულად”, – განაცხადა ელოშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის გენგეგმის ავტორმა სითი ინსტიტუტმა თავისი უფლებები შესაძლოა სასამართლოში დაიცვას.
27 მარტს გენგეგმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასტუმრო 'ბილტმორში' გააცნეს. შეხვედრა ხმაურისა და სიტვყიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.
სრულად
