Header Ads

გაეროს უშიშროების საბჭოზე ქართული მხარე ტატუნაშვილსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრებს

28 მარტს, ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების  ინიციატივით, ღია დებატები გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დებატების მიზანი გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ეფექტიანობის ამაღლებისა და ამ კუთხით, პროცესის ყველა მონაწილის ჩართულობის გაუმჯობესების შესაძლო გზების განხილვაა.

ღია დებატებში მონაწილეობას მიიღებს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. ქართული მხარე თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს გლობალური უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის  გაეროს  სამშვიდობო ოპერაციების მნიშვნელობასა და დღევანდელი გამოწვევების გამკლავების მიზნით სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდება სამშვიდობო ოპერაციებისათვის ცხადად განსაზღვრული, რეალისტური  და კონტექსტისათვის შესაბამისი მანდატების მნიშვნელობაზე.

ამ კუთხით საქართველო ისაუბრებს თავისი გამოცდილების შესახებ, როდესაც 2009 წელს საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიას (UNOMIG) მანდატი შეწყდა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის - რუსეთის - ვეტოს გამო, რამაც გაეროს ისტორიაში ძალიან საშიში პრეცედენტი შექმნა. განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე.

ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე ისაუბრებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.