Header Ads

მაიკ პომპეო: აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მათ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, 'ეს მხარდაჭერა ურყევია და ასე გაგრძელდება'. მაიკ პომპეომ პრემიერსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეც მიულოცა.

პომპეომ კიდევ ერთხელ გაუსხვა ხაზი იმას, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

'როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თბილისში განაცხადა, ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენს გვერდით ვართ, ამაყები ვართ ამ მეგობრობით და სტრატეგიული პარტნიორობით თქვენს ხალხთან. მოხარული ვარ, რომ დღეს ვატარებთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მეშვიდე სესიას. ეს წელი ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მიზეზით, 2018 წელს 10 წელი ხდება რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რუსეთის ძალადობრივი შეჭრა საქართველოში არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევა, ეწინააღმდეგება გაეროსა და ჰელსინკის დებულებებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები  – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი  საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარება', - განაცხადა მაიკ პომპეომ.

პრემიერმა კვირიკაშვილმა მაიკ პომპეოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის მომავალში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღმავების პერსპექტივებს ხედავს. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.