ევროპის წამყვანი ქვეყნები საუდის არაბეთს ამომწურავ პასუხს სთხოვენ

საუდის არაბეთი უარყოფს, რომ The Washington Post-ის გაუჩინარებული მიმომხილველის საქმის გამო პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხეს გრძნობს. ინფორმაციას BBC საინფორმაციო სააგენტო SPA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ანონიმური წყარო განმარტავს, საუდის არაბეთი ნებისმიერ სადამსჯელო ღონისძიებას „უფრო დიდი ნაბიჯით“ უპასუხებს.
ჯამალ ჰაშაღი, რომელიც ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამორჩევა 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის შემდეგ გაუჩინარდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუდის არაბეთს მკაცრი სასჯელით დაემუქრა. დონალდ ტრამპის თქმით, შესაბამის ზომებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე აღმოჩნდება პასუხისმგებელი. თეთრი სახლის ლიდერმა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ჟურნალისტის საქმე საუდის არაბეთთან $110-მილიარდიან კონტრაქტზე ზეგავლენას არ მოახდენს.
დღეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საუდის არაბეთს ჯამალ ჰაშაღის გაუჩინარების საქმის გამოძიება მოსთხოვეს.
„ჩვენ საუდის არაბეთისა და თურქეთის ერთობლივ ძალისხმევას ამ საქმესთან მიმართებაში მხარს ვუჭერთ და ველით სრულყოფილ პასუხს საუდის არაბეთის მთავრობისგან“, - განაცხადეს სამი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა.
დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთს შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადონ. ლაპარაკია საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 28 ოქტრომბერს ერ-რიადში უნდა ჩატარდეს.
ანკარაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ოფიციალური ერ-რიადი.
წყარო