საქართველოს მთავრობამ OGP-ს 2018-2019 წლების...

საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობა – საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს წარუდგინა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობა – საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში მომზადდა.
„საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის – ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს. მასში 21 უწყების 23 ვალდებულებაა გაწერილი, რომლებიც OGP-ის ხუთივე გამოწვევას პასუხობს – საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, საჯარო მომსახურების გაუმჯობესების გამოწვევა ხუთ ვალდებულებას მოიცავს.
სამოქმედო გეგმა საჯარო რესურსების უკეთესი მართვის გამოწვევას პასუხობს − საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა, ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის.
უსაფრთხო გარემოს შექმნის გამოწვევას ეხმიანება − საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესების გამოწვევას სამოქმედო გეგმა შემდეგი ვალდებულებით პასუხობს − სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება“,- აცხადებენ სამინისტროში.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ის შეუერთდა და უკვე რეალიზებული სამი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. 2014 წელს საქართველო „OGP“-ის მმართველო კომიტეტის წევრი გახდა, ხოლო 2016 წელს − თავმჯდომარე სახელმწიფო 2017-2018 წლების ვადით. როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველომ 2018 წლის 17-19 ივლისს „OGP“-ის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლა.
https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9b-ogp-%e1%83%a1-2018/
