ზუგდიდის საკრებულომ მობილური აპლიკაცია...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მობილური აპლიკაცია შეიმუშავა. ‘IGovZugdidi’ ორენოვანია და ის ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე iOS სისტემებისთვის. ინფორმაციას ‘ლაივპრესი’ ავრცელებს.
საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის გიგა კილასონიას ცნობით, აპლიკაცია ერთი კვირის წინ შეიქმნა და მასზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.
მოქალაქეს აპლიკაციის გამოყენებით შეუძლია შეიტყოს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ.
როგორც საკრებულოს პრესსამსახური განმარტავს, აპლიკაციაში ასევე არის სხვადასხვა კატეგორია, შესაძლებელია წერილის გაგზავნაც, მოცემულია საკრებულოს აქტივობები და სხვა.
‘თუმცა ის ჯერ კიდევ არ არის გაჯერებული სრული ინფორმაციით, გვინდა, რომ აპლიკაცია სასარგებლო იყოს ჩვენი ქალაქის ტურისტებისთვისაც’, – თქვა გიგა კილასონიამ.

