სამინისტრომ გაფიცული ფოთის თეატრის მოთხოვნები დააკმაყოფილა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში არსებულ მდგომარეობაზე კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, თეატრის დირექტორი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას თქმით, სამინისტრომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. კერძოდ, საჭირო ფინანსები უკვე მოძიებულია და შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
ფოთის თეტრი 2014 წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, თუმცა შენობა კვლავ ავარიულია. რამდენიმე დღის წინ შენობაში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ორი წლის წინ კი, ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც მემანქანე დაშავდა. ის ამ დრომდე მკურნალობს. შენობა 9 წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
თეატრის დასმა პროტესტის ნიშნად 9 თებერვალს დაგეგმილი სპექტაკლი არ ითამაშა.სრულად
