,,ღამის შოუ ბახუტასთან ერთად" - რა ელოდება მაყურებელს დღეს 23:00 საათზე?

ტელეკომპანია „იმედი“ ახალ სატელევიზიო გადაცემას იწყებს, რომელსაც მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი წაიყვანს.
Funtime პირველი გადაცემის ჩაწერას დაესწრო და წამყვანის, პროდიუსერის, სცენარისტის, ასევე პირველი სტუმრების - ვანიკო თარხნიშვილისა და გელა ჩარკვიანის შთაბეჭდილებები ჩაიწერა.
გიორგი ბახუტაშვილი: ეს ახალი გამოწვევაა და, პირველ რიგში, ამით არის გამორჩეული. მე თვითონაც მაინტერესებს, რა გამოვა. ჯერჯერობით ყველაფერი საინტერესოდ მიდის. ნელ-ნელა მომწონს, რასაც ვაკეთებ. დარბაზისგან დადებით ემოციებს ვგრძნობ. ტელემაყურებელს რამდენად მოეწონება, ამას დღეს 23:00 საათზე ვნახავთ. არ დავცინით, არ ვჭორაობთ, მხოლოდ ვცდილობთ, კარგი იუმორი ვაკეთოთ.
- პირველ სტუმრებზე რას ვგვეტყვით?- მთავარი მათი აქტუალურობაა. ვანიკო როგორი აქტიურია, ყველამ ვიცით. ბატონი გელა კი, ამასთან ერთად, უსაყვარლესი ადამიანი და საინტერესო თანამოსაუბრეა.
ვანიკო თარხნიშვილი: გიორგი ძალიან ნიჭიერია. ყველაფერი ახალის მიმართ მაგარი ალღო აქვს. მონოლოგის ჩაწერას რომ დავესწარი, ბევრი ვიცინე და ამ გადაცემის მთავარი დანიშნულებაც ესაა. ყველა გადაცემას, სადაც კი პირველ სტურმად ვყოფილვარ, რეიტინგი არ აკლია და ამბობენ, რომ კარგი ფეხი მაქვს. იმედია, ახლაც გაამართლებს.
გელა ჩარკვიანი: გადაცემაზე მონოლოგის ჩაწერიდან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. შოუ პოლიტიკურად დაბალანსებულია, რაც ძალიან მომწონს. არ მიყვარს, როცა რამე ცალხმრივია. ასეთი ტიპის შოუები გაწონასწორებული უნდა იყოს, რაც პირველივე გადაცემიდან აშკარად ჩანს. ვფიქრობ, „იმედზე“ ახალი პერსპექტიული შოუ იწყება და წარმატებაც არ მოაკლდება. პირველი სტუმარი რომ ვარ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ცოტას განვიცდიდი, ცოტას ვღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
გიორგი ხაბურზანია, პროდიუსერი: დიდი ხანია, რაც ქართულ ტელესივრცეში ამ ფორმატის გადაცემები არსებობს. ზოგი ამართლებს, ზოგმაც ვერ გაამართლა. მსგავსი ფორმატის შოუებს ხანგრძლივი წარმატება იშვიათად აქვთ ხოლმე. ჩავატარეთ მარკეტინგული კვლევები, გამოკითხვები, რაღაცები სხვისი შეცდომებიდანაც ვისწავლეთ და გამოცდილი ამერიკელი პროდიუსერები ჩამოვიყვანეთ. მათგან უამრავი კარგი რჩევა მივიღეთ. გვასწავლეს მეთოდოლოგია, რომლის მიხვედვითაც მსგავსი ტიპის შოუები სწორად კეთდება. დაგვეხმარნენ იმაში, რომ არაქაოტური გადაცემა გვეკეთებინა. ამ სისტემატიზაციისა თუ მეთოდოლოგიის საშუალებით კლასიკური ფორმატის თანამედროვე ვარიანტამდე მივედით.
- რით იქნება ,,ღამის შოუ ბახუტასთან ერთად“ სხვა შოუებისგან გამორჩეული?- აქცენტი რამდენიმე ნიუანსზე გავაკეთეთ. გიორგი ბახუტაშვილი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ხალხისთვის საყვარელი პერსონაა. ბახუტას დროა და ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ გადაცემა პოპულარული გახდეს. ,,იმედი“ ნომერ პირველი არხი გახდა და შესაბამისად სჭირდებოდა გადაცემა, სადაც, მონოლოგთან ერთად, რუბრიკებში იქნებოდა კრიტიკაც და აქტუალური თემებიც. მაყურებელი საყვარელი არხიდან, საჭირო ინფორმაციის გარდა, იუმორსაც უნდა ისმენდეს. მონოლოგი აქტუალურ თემაზე ყოველთვის იქნება გადაცემის მთავარი ნაწილი.
- ახალი შოუ ,,იმედზე“ რამდენად გაუწევს კონკურენციას ,,ვანოს შოუს“, რომელიც წლებია ,,რუსთავი 2“-ის ეთერში გადის?- ჩვენ კონკურენციაზე კი არა, მაყურებლის მოთხოვნაზე ვსწორდებით. ჩვენმა მარკეტინგულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ გადაცემას, როგორიც იქნება ,,ღამის შოუ ბახუტასთან ერთად“ მაყურებელი ითხოვდა. სწორედ ამას ვუპასუხეთ. ,,ვანოს შოუს“ და ,,ბახუტას შოუს“ საეთერო დღეები ერთმანეთსაც არ ემთხვევა.
გოჩა თანდარაშვილი, სცენარისტი: მგონია, რომ რასაც ველოდი, გამოდის. რაც გადაღების პროცესში ჩანს, ნორმალურია. იმედია, ეთერში საუკეთესო სახეს მიიღებს და ხალხის მოწონებასაც დაიმსახურებს. ამერიკული ფორმატის შოუ უამრავ ქვეყანაშია მიღებული, თუმცა ჩვენ პატარა სიახლეებიც გვაქვს. შოუ გამორჩეულია თუნდაც იმითიც, რომ წამყვანი ბახუტააა და საქმეს საინტერესოდაც გაართვა თავი. ვხუმრობთ ყველაზე და ყველაფერზე, არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს.
















