პრეზიდენტმა დუბაიში პრემიერმინისტრთან სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დუბაიში არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, დელეგაციასთან ერთად, პრემიერმინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების გაღრმავებას სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) და მის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უაღრესად აფასებს იმას, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს და ელის, ამ კუთხით, თანამშრომლობის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან პირველი ინვესტიცია 2003 წელს განხორციელდა. 2006 - 2017 წლებში კი, ინვესტიციების მოცულობამ 841.08 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მხარეებმა განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა და ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც ძალაში 8 აპრილს შევიდა და რომელიც ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის. აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოში ლიბერალური, სტაბილური, უსაფრთხო და კორუფციისაგან თავისუფალი ბიზნესგარემო ჩამოყალიბდა. საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამოც საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა. მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ შეთანხმებები ჩინეთთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროკავშირთან. შეხვედრისას მხარეებმა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.სრულად
