აშშ-მა 20 ირანულ კომპანიასა და ბანკს სანქციები დაუწესა

ვაშინგტონმა 20 ირანულ კომპანიას და ბანკს სანქციები დაუწესა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს სტრუქტურები ფინანსურ დახმარებას უწევენ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ შემავალ ერთ-ერთ ლაშქარს, რომელიც სირიაში ჯარისკაცებად ბავშვებს იყენებს. ამის შესახებ 'რადიო თავისუფლება'წერს.
ამერიკულ კომპანიებს აეკრძალა გარიგებები სანქციების სიაში შეტანილ ირანულ ბანკებთან და კომპანიებთან და გაიყინა აშშ-ში მათი ანგარიშები. ვაშინგტონისა და თეირანის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა 2018 წლის მაისიდან, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ტოვებს ირანთან „ბირთვულ გარიგებას“ და სანქციებს ეტაპობრივად აღუდგენს.
2015 წელს აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, თეირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ გაუქმდა მის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები. აშშ მიიჩნევს, რომ ირანი შეთანხმებას არ ასრულებს, რასაც არ ეთანხმებიან გარიგების მონაწილე სხვა ქვეყნები.
წყარო