მამუკა ბახტაძე: ზოგიერთებისთვის რეალობის მოდელირება ჰობად იქცა

საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის, - ასე შეაფასა პრემიერმინისტრმა სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები.
მამუკა ბატაძე მიჩნევს, რომ იმის დიდი ნაწილი, რასაც სუბელიანი საუბრობს და რა ფაქტებსაც ასახელებს, არის ილუზია.
„პროკურატურამ გააკეთა განცხადება და ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ჩანაწერები ვიხილეთ. ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების აღრევასთან. კონკრეტული მაგალითი მინდა გითხრათ. დღეს კახიშვილმა გააკეთა განცხადებაც, რომ ფიზიკურად არ ჰქონია ამ ადამიანთან ინტერაქცია. შესაბამისად, ეს ადამიანი რას საუბრობს და რა ფაქტებს ასახელებს, დიდი ნაწილი როგორც ჩანს, ამ ყველაფერში არის ილუზია. მთავარი არის ის, რომ მსგავსი ფაქტებით სამწუხაროდ, ცდილობენ შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობენ გარკვეული მოლოდინი შექმნან, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფალი და მშვიდობიანი გარემოს ფონზე. ნუ აქვთ ამის ილუზია. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის. როგორც ჩანს, რეალობის მოდელირება სამწუხაროდ, ჰობად იქცა გარკვეული ადამიანებისთვის“, - განაცხადა ბახტაძე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი უარყოფს, რომ მას და პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს პატიმრობის პირობების შესახებ ჰქონდათ საუბარი.
„რუსთავი 2“-მა 17 ოქტომბერს გაავრცელა კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ დაკავებამდე ორი დღით ადრე შეხვდა კახა კახიშვილს, პატიმრობის გარკვეული პირობების შექმნაზე შეთანხმდნენ და რადგან შეთანხმება დაირღვა, კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებს.
აუდიოჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს, საგამოძიებო მოქმედებები 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.
საქმე ეხება „რუსთავი2“-ის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს. ტელეკომპანიის მტკიცებით, მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში: ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
წყარო