Google Trends-მა კამპანიის #MeToo შესახებ ინტერაქტიული რუკა გამოაქვეყნა

ვებგვერდმა Google Trends-მა, რომელიც აანალიზებს საძიებო სისტემა Google-ში მთელი მსოფლიოდან მოძიებულ ინფორმაციას, გამოაქვეყნა ინტერაქტიული რუკა, სადაც ჩანს, რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში ეძებენ ყველაზე ხშირად ინფორმაციას #MeToo კამპანიის შესახებ. ამის შესახებ CBS News-ი წერს.
ის ადგილები, სადაც ქალთა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიით (#MeToo) ყველაზე ხშირად ინტერესდებიან, რუკაზე ღია ფერის, ცეცხლისმაგვარი ნიშნებითაა აღნიშნული.
ამ კამპანიის შესახებ ინტერნეტში ძიების მონაცემები 2017 წლის 10 იანვრიდან იწყება.
„ინტერაქტიულ რუკაზე ინდოეთი გადანათებული ნაძვის ხესავით ჩანს“ - წერია სტატიაში. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანი ინტერესდება, რას გულისხმობს ეს კამპანია (ინტერაქტიული რუკის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ).
აღსანიშნავია, რომ დღეს ინდოეთის სახელმწიფო მინისტრმა საგარეო საქმეთა საკითხებში, მობაშარ ჯავედ აკბარმა ქალების სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების გამო თანამდებობა დატოვა. ის სექსუალურ შევიწროებაში, #MeToo კამპანიის ფარგლებში, 20-მა ქალმა ამხილა.
რამდენიმე თვის წინ ინდოეთი ქალებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად დასახელდა. აქ გაუპატიურების შესახებ ყოველდღიურად ასობით განცხადება რეგისტრირდება, თუმცა რამდენ მსხვერპლს ეშინია ამის გაცხადება, უცნობია. ინოეთის შემდეგ ქალებისთვის საშიშ ქვეყნებად ის სახელმწიფოები დასახელდა, სადაც სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობს. ესენია: ავღანეთი, სირია, სომალი. მეხუთე ადგილს საუდის არაბეთი იკავებს, ათეულს კი აშშ ასრულებს.
#MeToo კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი აზია არჯენტო იყო. მან პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. 2017 წელს, კანის 71-ე კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ 1997 წელს ვაინშტეინმა გააუპატიურა. არჯენტო მოძრაობა #MeToo-ს ერთ-ერთი ლიდერი გახდა. თუმცა ახლახანს გაირკვა, რომ თავად არჯენტომ წარსულში 17 წლის ბიჭზე, მსახიობ ჯიმი ბენეტზე სექსუალურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა The New York Times-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, მათ არჯენტოს „ბრალის“ დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვეს, მათ შორის ფოტოც, რომელთა ავთენტურობაც საქმესთან დაკავშირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა. მსახიობმა ბრალდება უარყო, რის შემდეგაც მას ფოტოს სახით კომპრომატი გამოუქვეყნეს.
#MeToo კამპანია სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გასულ წელს დაიწყო, თუმცა მას უკვე უამრავი ქალი შეუერთდა, რომლებმაც საკუთარ სტრესულ გამოცდილებებზე ხმამაღლა ისაუბრეს. კამპანიის პარალელურად არაერთი კითხვა გაჩნდა, თუ რა არის სექსუალური შევიწროება , რითი განსხვავდება ის კომპლიმენტისგან, სად გადის ზღვარი და სხვა.
წყარო