ვინ აღმოაჩინა ქუთაისში სავარაუდოდ 30-50 ათასი...

დეკემბრის დასაწყისში, ქუთაისში ახალი მღვიმის აღმოჩენის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც სპეციალისტების თქმით, შესაძლოა 30-50 ათასი წლის იყოს.
‘იმედის კვირამ’ მღვიმის აღმომჩენების შესახებ სიუჟეტი მოამზადა. როგორც ირკვევა, ამ ისტორიული აღმოჩენის ავტორები ფსიქიატრი ვახტანგ სიხარულიძე და მისი ძაღლი – მეტისი ჩაპა არიან.
‘ორი აღმომჩენი ვართ მე და ჩაპა, როგორც ფიზიკაში ბოილ მარიოტის კანონს ორი ავტორი ჰყავს სასურველია ორივეს სახელი თუ დარჩება ისტორიას. ჩაპა ცნობილია, ერთი მაკედონელის ბუციფალი იყო ცნობილი და მეორე ჩაპა – ასეთი ამბიცია გვაქვს ჩვენ’, – ამბობს ვახტანგ სიხარულიძე.
ჩაპა მის პატრონთან ერთად ისტორიაში შესვლის კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც 24 ნოემბერს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ შინ დაბრუნებული ფსიქიატრი გულის გადასაყვავილებლად წავიდა:
‘სტრესისგან გათავისუფლების მიზნით, განსამუხტავად, გულის გადასაყვავილებლად, სევდიანი ფიქრთ გასართველად წამოვედით’, – ამბობს სიხარულიძე.
ჭახათას უბანში წლების განმავლობაში ქვის მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ფსიქიატრი ჩაპასთან ერთად სწორედ ქვის კარიერის ტერიტორიაზე არა სანადიროდ, არამედ უბრალოდ თოფის სასროლად ავიდა.
მთაგორიან კლდოვან სივრცეში რამდენიმე გასროლის შემდეგ წარმოქმნილ ექოს დიდი აღმოჩენა მოჰყვა:
‘როცა გავისროლე ჯერ ერთი ხმა, მერე მეორე, მერე კიდევ გასროლის ხმა იყო შემეშინდა. დავიწყე მიზეზის გარკვევა და მივადექი მღვიმის შესასვლელს. იქ რომ დავინახე ნაღვენთი ფორმები გაყინულ ჩანჩქერს ჰგავდა მივხვდი რასთანაც მქონდა საქმე. მაშინ ფანრიანი ნოკია მქონდა და რამდენითაც მოვახერხე შესვლა შევედი’, – იხსენებს მღვიმის აღმომჩენი.
ნაღვენთი ფორმები, სტალაქტიდები და სტალაგმიტები, გამჭვირვალე, თეთრი და მბრწყინავი ფორმები 80 მეტრის დარბაზში არის გაშლილი. ეს ბუნებრივი წარმონაქმნები მღვიმის ორ სართულზე მდებარეობს:
ამ ადგილას ქვის კარიერი იყო, აფეთქებების შედეგად დარბაზები და სტალაქტიდების ნაწილი დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ადგილი შეიძლება ტურისტულიც გახდეს. სპელეოლოგები ამბობენ რომ ეს მღვიმე არცერთ სამეცნიერო ნაშრომში არ გვხვდება, არადა საქართველოს ტერიტორიაზე 1600- მდე მღვიმეა აღწერილი. მათი ძირითადი ნაწილი იმერეთის რეგიონშია.
რა დრო დასჭირდება შესწავლას, კვლევას, დაკვირვებას, ან შევა თუ არა ქუთაისელი ფსიქიატრის და ჩაპას მიერ აღმოჩნილი ექსცენტრიული სტალაქტიდების და სტალაგმიტების მღვიმე საქართველოს ტურისტულ რუკაზე, ჯერ უცნობია.
