სამეფო კლუბი პატრიარქს გიორგი ანდრიაძის საჯარო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„სამეფო კლუბის” სპიკერი გაიოზ (გია) მამალაძე კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს და საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი ანდრიაძის საჯაროდ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ანდრიაძე სწორედ პატრიარქის პროექტებს განახორციელებს.
„...შესაძლოა, ქვეყანამ ამ არჩევნების შედეგად დაიწყოს გამოსვლა პოლიტიკური და მორალური კრიზისიდან, თუ თქვენი უწმინდესობა ინებებს და თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. სხვა შემთხვევაში, თუ თქვენ არ ჩაერევით, კრიზისი გაღრმავდება და შეიძლება დავიღუპოთ....
გიორგი ანდრიაძე, როგორც საზოგადო მოღვაწე, ფაქტობრივად, თქვენი აღზრდილია. იგი თქვენი გამოყვანილია საზოგადოებრივ ასპარეზზე. თქვენ იცით მისი იდეებისა და პროექტების შესახებ. თქვენ მხარს უჭერთ ამ პროექტებს და მათი განხორციელება გინდათ. მისი პროექტები (ჩვენი პროექტები), ფაქტობრივად, თქვენი პროექტებია...
გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, ყურად იღოთ ჩვენი თხოვნა, მოუწოდეთ ერს, მივიდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე და ხმა მისცეს შუაში, ხმა მისცეს გიორგი ანდრიაძეს, მის მამულიშვილურ პროექტებს - ანუ ხმა მისცენ ქვეყნის გადარჩენის დასაწყისს!
სხვა შემთხვევაში პოლიტიკური ჭაობი უფრო დაჭაობდება. სხვა შემთხვევაში დიდი მარცხი და სირცხვილი გველის ყველას. სხვა შემთხვევაში, შანსი, შესაძლოა, საბოლოო შანსი გავუშვათ ხელიდან!
საქართველოს პატრიარქები ყოველთვის სახელმწიფოს სადარაჯოზე იდგნენ და ეს ტრადიცია გაგრძელდება! ველით თქვენს სიტყვას, თქვენო უწმიდესობავ! იმედით ველით!“, - ნათქვმია ღია წერილში.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო