მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ შვილებს მარიხუანისა და, შესაძლოა, კლუბური ნარკოტიკის მოხმარების გამო, საყვედურსაც ვერ ეტყვიან
ამას წინათ მეგობარი მეუბნებოდა, ბავშვს ტელევიზორს ვერ ვაყურებინებ, იმდენ სისულელეს აჩვენებენ, აღარ ვიცი, რა ვქნაო. წუხილის მიზეზი რომ ვკითხე, ძირითადად უცხოური მულტფილმები დამისახელა _ არ შეიძლება ყველი ლაპარაკობდეს, კუ და გაურკვეველი ფორმის წარმონაქმნი კოსმოსში დაფრინავდეს და ამ ყველაფერს 3-4 წლის ბავშვი უყურებდესო. ჩვენი თაობა “ჩხიკვთა ქორწილზე”, “წუნა და წრუწუნასა” და სხვა ქართულ მულტფილმებზეა გაზრდილი (“კომბლეს” შენებულად არ ვამბობ, ჯეჯელავა გაღიზიანდება), ახალი თაობა კი მოსაუბრე ყველს, მფრინავ კუს და უცნაური ფორმის მწერებს უყურებს.
მე თუ მკითხავთ, ტელევიზორის ყურება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, დიდებისთვისაც სახიფათოა. მართლა იმდენი სიბინძურე იღვრება ტელეეკრანიდან, რომ შეუძლებელია, ადამიანი არ გააოცოს. ხოლო სერიალებს, რომლებშიც ვიღაცის მამიდა საბოლოოდ ბიძა აღმოჩნდება, ხოლო ცოლ-ქმარი ბოლოს _ და-ძმა, აქტიურად განიხილავენ სოფლის ბირჟებზე. ბოლო პერიოდში კი ახალგაზრდებზე დაიწყო ფსიქოლოგიური შეტევა და იმის მტკიცება, რომ ნარკოტიკი კარგია და მისი მოხმარება დანაშაული არ არის.
გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს მოწევის შეზღუდვაზე იმსჯელა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დაახლოებით 2020 წლისთვის თამბაქოს მოწევა არათუ შეუძლებელი იქნება, არამედ დანაშაულადაც იქცევა. თუმცა რაღა იქცევა, აკრძალულ ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის სოლიდური ჯარიმა მალე დაწესდება და მწეველების ჯიბეს, მხოლოდ სიგარეტის ყიდვა კი არა, ჯარიმაც გვარიანად დაარტყამს. ჯერჯერობით არ არის საუბარი ქუჩაში მოწევის აკრძალვაზე, მაგრამ, დიდი ალბათობით, ასე მოხდება. ყველაზე საინტერესო კი სტადიონზე სიგარეტის მოწევის აკრძალვაა. ჩვენი ნაკრების თამაშს რომ ვუყურებთ ხოლმე, თამბაქო ყველაზე მოთხოვნილ პროდუქტად რჩება და სიგარეტის გარეშე ჩვენი ფეხბურთელების ცქერა არ უნდა იყოს იოლი საქმე.
სხვათა შორის, აკრძალვის წარდგენისას პარლამენტში ისიც თქვეს, საქართველოში თამბაქოს რომ არავინ ეწეოდეს, ხუთი მილიონი ვიქნებოდით, ყოველი მეათე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებით კვდებაო. არ ვამტკიცებთ, რომ თამბაქო კარგია, ისიც ვიცით, რომ ნიკოტინი ერთ-ერთი ძლიერი ნარკოტიკია, მაგრამ, ვინც ამ ციფრებს ითვლის, იმას არ ანგარიშობს, რომ თამბაქოს შემომტანები წლიურად ბიუჯეტში 600 მილიონ ლარს იხდიან და, ეს თანხა რომ არა, 5 მილიონზე მეტი კი არა, ეგებ იმაზე ნაკლები ვყოფილიყავით, ვიდრე ახლა ვართ?! ჩვენი აზრით, თამბაქოს რეკლამირება უნდა აიკრძალოს, სოლიდური სასჯელი უნდა დაწესდეს მათთვის, ვინც არასრულწლოვანს მიჰყიდის სიგარეტს, მაგრამ… ცოტა არ იყოს, აბსურდის თეატრს ემსგავსება ყველაფერი, როცა იგივე პარლამენტი, თამბაქოს მოწევის აკრძალვის პარალელურად, მარიხუანის მოწევის ლეგალიზებას განიხილავს. პრინციპში, რაღა განიხილავს, გადაწყვეტილია, რომ მარიხუანის იმ რაოდენობის ქონა, რომელიც ერთ კორპუსს ეყოფა მოსაწევად, აღარ დაისჯება.
რას ვიღებთ რეალურად? _ ვიღებთ იმას, რომ საკმაოდ ძლიერ ნარკოტიკს, ისეთს, როგორიც მარიხუანაა, ვაკანონებთ და კანონის ძალით ვიცავთ კაიფს. ამით არამხოლოდ მარიხუანის მომხმარებლებს ვახალისებთ, არამედ მათაც, ვინც ამ მარიხუანას გაყიდის და მათ “ბარიგები” ჰქვია. 300 კაცის სამყოფი ნარკოტიკის დოზა რომ ექნება “ბარიგას” სახლში, პოლიცია ვერაფერს ეტყვის, რადგან სწორედ ეს დოზაა დაშვებული და თრიაქით გაბრუებული ახალგაზრდები საოცარი სანახავი იქნებიან ბირჟაზე. ამის შემდეგ, მხოლოდ ტელეეკრანს კი არა, უბნის ბიჭებზეც არ უნდა შევახედოთ ბავშვებს, რადგან ბავშვი ყველაფერს ისრუტავს და უაზრო სახეებით მომღიმარი ბიჭების დანახვა მათში რა რეაქციას გამოიწვევს, თავად განსაჯეთ.
წეღან შოუები ვახსენეთ და სწორედ სატელევიზიო შოუში გაკეთდა მოწოდება, რომ არა მხოლოდ მარიხუანის ლეგალიზება უნდა მოხდეს, არამედ ე.წ. კლუბური ნარკოტიკისაც, რადგან ისიც უვნებელია. იმავე შოუში არავის უთქვამს, რომ კლუბური ნარკოტიკის მინარევებისა და ამ მინარევებით მარიხუანის გაჟღენთვის შედეგად მიიღება ბიონარკოტიკის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ახალგაზრდები მოიხმარენ და… სწორედ ამ ნარკოტიკის მოხმარების შედეგად მოხდა ორი უბედური შემთხვევა თბილისში, როცა 23-24 წლის ბიჭებმა თავი ვერ გააკონტროლეს და მეცხრე სართულიდან გადმოხტნენ. და მერე, როცა მარიხუანის ლეგალიზების შემდეგ, “იზმენააკიდებული” ადამიანების მიერ ჩადენილი უბედურებები გახშირდება, ის ხალხი, რომელიც ასე აქტიურად გვიკიჟინებს, ნარკოტიკის ლეგალიზაცია უნდა მოხდესო, ხელს ხელისუფლებისკენ გაიშვერს, _ კეთილი ინებოს და უკონტროლო ნარკოტიკი აკონტროლოსო. ეს იცით, რას დაემსგავსება? ხელისუფლებამ ქუჩაში ადამიანების გაჩერება რომ დაიწყოს, _ ჯიბეში ერთის ნაცვლად, ორი კოლოფი სიგარეტი ხომ არ გიდევსო, და პატრულმა სასწორით იაროს, მარიხუანა რომ აწონოს და…
პარალელურად, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ შვილებს მარიხუანისა და, შესაძლოა, კლუბური ნარკოტიკის მოხმარების გამო, საყვედურსაც ვერ ეტყვიან, რადგან შემდეგ საქმეში ე.წ უფლებადამცველი არასამთავრობოები ჩაერევიან.
რა გამოვიდა? ე.წ. ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და, პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებ, ევროპისგან კარგი უნდა ვისწავლოთ და ჩვენს უძველეს კულტურას ვაზიაროთ. ლიტერატურულ ნაწარმოებებში კი წერია, რომ ქართველი მეფეები თრიაქს ეწეოდნენ, მაგრამ არა მგონია, პატრიარქს ეს ეგულისხმა, როცა კულტურის ზიარებაზე აკეთებდა აქცენტს…
ცნობისთვის: ჯორჯ სოროსის მიერ საქართველოსთვის დაწერილ-გაწერილ პროგრამაში ეწერა, _ ქართველებს საკუთარი ისტორია უნდა დავავიწყოთ, რათა სხვა ერებში ისე ავთქვიფოთ, ვერავინ მიხვდეს, ვინ ქართველია და ვინ _ არაო. ჰოდა, ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, სოროსის მონობა გვინდა თუ იმ ქართველთა გვარის გამგრძელებლები ვიყოთ, რომლებიც ომიანობის პერიოდში ევროპას ეხმარებოდნენ და სიმამაცით აოცებდნენ. გვერწმუნეთ, ნარკოტიკის მოხმარებით ვინმეს გაოცება არც საინტერესოა და არც გამოგვივა.