2019 წელს „ოსკარს“ „ყველაზე პოპულარულ“ ფილმსაც გადასცემენ

ამერიკის კინოაკადემია 2019 წელს ახალ კატეგორიაში 'ყველაზე პოპულარული ფილმი' გასცემს ჯილდოს. ინფორმაციას Uproxx-ი ავრცელებს.
ვარაუდობენ, რომ ამ კატეგორიაში ოსკარს მიიღებს მაღალბიუჯეტიანი ფილმი 'Avengers: Infinity War' ('შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი') ან 'Mad Max: Fury Road' ('შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა'). ეს ის ფილმებია, რომლებიც რეგულარულად ხვდებიან ძირითად კატეგორიაში, მაგრამ დრამებთან აგებენ.
კიდევ ერთი სიახლეა 'ოსკარის' დაჯილდოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. კერძოდ, დაჯილდოების ცერემონია ოთხიდან სამ საათამდე შემცირდება, რათა მაყურებლისთვის მისი ყურება უფრო მოსახერხებელი იყოს. დროის შემცირების გამო, ზოგიერთ კატეგორიაში ჯილდოს გაცემა რეკლამის დროს მოხდება.
'ოსკარის' 91-ე ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს Dolby Theatre-ში გაიმართება. ნომინაციები 22 თებერვალს გამოცხადდება.
ჟურნალმა Variety-მ „ოსკარის“ სავარაუდო პრეტენდენტების სია გამოაქვეყნა. საუკეთესო ფილმად კინოკრიტიკოსები ლინი რემსის დრამას, „შენ აქ არასდროს იყავი“ ასახელებენ.
'ოსკარის' პრეტენდენტი ფილმების სიაში ასევე მოხვდა: „შავი პანტერა,“ „პირველი რეფორმატორული ეკლესია,“ „რეინკარნაცია“ და „მხედარი.“ საუკეთესო რეჟისურისთვის კი „ოსკარს“ კინოკრიტიკოსები ქლოა ჩჟაოს უწინასწარმეტყველებენ ფილმისთვის „მხედარი.“ ასევე ცნობილია ოსკარზე წარდგენის კანდიდატი ქართული ფილმებიც.
ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონია 5 მარტს გაიმართა. 2018 წლის საუკეთესო ფილმი გილერმო დელ ტოროს 'წყლის ფორმა' გახდა. თავად დელ ტორო კი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.
2017 წელს კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას მსოფლიოს მასშტაბით 32.9 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს. ეს რაოდენობა მაშინ 'ოსკარის' ისტორიაში რიგით მეორე დაბალ მაჩვენებლად მიიჩნიეს, ყველაზე მცირე რაოდენობის მაყურებელი ოსკარს 2008 წელს ჰყავდა - 31.8 მილიონამდე ადამიანი.
წყარო