აშშ სკრიპალების საქმის გამო რუსეთს სანქციებს დაუწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს დაუწესებს. ოფიციალურმა ვაშინგტონმა გადაწყვეტლება მას შემდეგ მიიღო, რაც დადასტურდა, რომ სკრიპალები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ამის შესახებ BBC წერს.
გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 8 აგვისტოს გახდა ცნობილი. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის - ჰიზერ ნაუერტის განმარტებით, სანქციები ძალაში სავარაუდოდ 22 აგვისტოდან შევა.
მაიკ პომპეოს უწყებაში განმარტავენ, რომ 'ნოვიჩოკის' გამოყენებით რუსეთმა დიდ ბრიტანეთში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების აკრძალვის შესახებ შეთანხმება დაარღვია.
„სანქციები ქალაქ სოლსბერიში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ნერვულ-პარალიტიკური შხამის, 'ნავიჩოკის' გამოყენების გამო დაწესდება. ამ ქიმიური იარაღის გამოყენება ყველა კონვენციის გვერდის ავლით მოხდა“, - აცხადებს ჰიზერ ნაუერტი.
ყოფილი რუსი, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს სოლსბერიში იპოვეს.
რამდენიმე თვიანი მკურნალობის კურსის შემდეგ სკრიპალები გამოჯანმრთელდნენ, თუმცა კვლავ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
მანამდე მედიაში დაიწერა, რომ დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში 6 ადამიანი ფიგურირებდა და ისინი რუსული სამხედრო დაზვერვის ორგანიზებით მოქმედებდნენ. The New York Times-ის ინფორმაციით, კი ეს პირები რუსეთის 'გრუ'-ს (სახელმწიფო დაზვერვის სამსახური) თანამშრომლები იყვნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობას ლონდონი მოსკოვს აკისრებს. კრემლი ბრალდებებს უარყოფს.
დიდი ბრიტანეთში ეს 'ნოვიჩოკით 'მოწამვლის უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო 9 ივლისს გარდაიცვალა 44 წლის დაუნ სტარჯესი, ხოლო მისი მეუღლე გადარჩა და ჩარლი როული გონს მოვიდა.
7 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთისგან იმ ორი ადამიანის ექსტრადიციის მოთხოვნას აპირებს, რომლებიც სოლსბერისა და ეიმსბერიში 'ნოვიჩოკით' ადამიანების მოწამვლაში არიან ეჭვმიტანილები.
წყარო