Header Ads

ასანჟს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ჩვენების მიცემას სთავაზობენ

ჯულიან ასანჟი

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა WikiLeaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ჩვენების მიცემა შესთავაზა. შეთავაზების შესახებ წერილი WikiLeaks-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ასანჟს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, ჩვენების მიცემას დახურულ რეჟიმში, 'ყველასთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას' სთავაზობენ.

WikiLeaks-ის იურისტები აცხადებენ, რომ ამ წინადადებაზე დაფიქრდებიან.

2016 წელს WikiLeaks-მა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, რუსულ სპეცსასამხურებთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა მოიპარეს. ამ დოკუმენტების ქურდობა და გამოქვეყნება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის კამპანიის ნაწილად განიხილება, რომლითაც მოსკოვს პროცესებში ჩარევა სურდა. 

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

ჯულიან ასანჟმა საელჩოს თავი 2012 წელს შეაფარა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შვედეთისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილება მიიღო. მას ბრალი გაუპატიურებაში ედება. შვედეთის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა უკვე გასულია, თუმცა მას, ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის გამო, სასჯელი მაინც ემუქრება.

ასანჟი შიშობს, რომ მას აშშ-ს გადასცემენ, სადაც მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. თუმცა, ვაშინგტონს მისი ექსტრადიცია არასდროს მოუთხოვია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.