ვინ არის მირზა სუბელიანი და რა აკავშირებს მას სოზარ სუბართან
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს, ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.
ვინ არის მირზა სუბელიანი და რა აკავშირებს მას სოზარ სუბართან? 'იმედის კვირის' ინფორმაციით, მირზა სუბელიანი 26 მაისის აქციის დარბევის ერთ-ერთი ეპიზოდის საქმეზე პროკურორი იყო. ამ საქმეში ბრალდებულ ორ ადამიანს, რომელიც მაშინდელ აქციაში მონაწილეობდნენ, ბრალად უცნობი პირის ცემას ედავებოდა. მაშინ ორივე საქმეზე აქციის მონაწილეთა ბრალი სწორედ პროკურორ სუბელიანის ძალისხმევით დამტკიცდა - ზაზა სამხარაძეს 2 წელი თორნიკე არევაძეს კი 4 წელი მიუსაჯეს.
2013 წელს მირზა სუბელიანი პენიტენციური სისტემის გენერალური ინსპექციის უფროსად, სასჯელ-აღსრულების მაშინდელი მინისტრის სოზარ სუბარის გადაწყვეტილებით დაინიშნა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუბარი და სუბელიანი ახლო ნათესავები იყვნენ, თუმცა სუბარმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ სუბელიანი თანამდებობაზე პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩა და მისი ნათესავი არ არის.
'მირზა სუბელიანი არ არის არც ჩემი ბიძაშვილი, არც ნათესავი. სუბარი არის სხვა გვარი, ეს არ არის ჩემი ფსევდონიმი, ეს არის ჩემი უძველესი გვარი, რომელიც დავიბრუნე. სვანეთში არის სოფელი, სადაც ცხოვრობენ სუბელიანები და არის სოფელი, სადაც ცხოვრობენ სუბარები. თუ ვინმეს უნდა რომ ასე იყოს, ბიძაშვილი, მამიდაშვილი და დეიდაშვილი ერთად იქნება', - ეწერა სოზარ სუბარის განცხადებაში.
მირზა სუბელიანის სასჯელაღსრულებაში დანიშვნას უწყებაში გადაადგილებები მოჰყვა - სწორედ ამ პერიოდში დატოვა თანამდებობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა მაია ხასიამ. მედია მაშინ წერდა, რომ ხასიას ამ გადაწყვეტილებას გენინსპექციის უფროს სუბელიანთან დაპირისპირება უძღოდა წინ.
სუბელიანის სახელს კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება. 27 წლის პატიმარი ლევან კორტავა, 2013 წლის მაისში, ცემის შედეგად, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. იმ დროს მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. სასჯელაღსრულების სამინისტროს სათავეში სოზარ სუბარი ედგა.
სასჯელაღსრულების ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს ბოლო დროის ყველაზე ცნობილი პატიმარია, მისდამი ინტერესი განსაკუთრებით ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ გაიზარდა. ადვოკატები ამბობენ, რომ მან ციხეში სუიციდიც სცადა. სახელმწიფომ სუბელიანს საკანში 24-საათიანი მეთვალყურეობა დაუნიშნა.
წყარო