რა შეიცვალა თბილისის ბაგა-ბაღების...
თბილისის ბაგა-ბაღების კვების მენიუში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, ბაღებში აღსაზრდელებს 2019 წლის იანვრიდან განახლებული მენიუ აქვთ. გაიზარდა რძის პროდუქტების ულუფები: რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი და არაჟანი. დაემატა ბოსტნეულის სახეობები, ბროკოლი, მჟაუნა, ისპანახი, მწვანე ხახვი, რეჰანი, რაც აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით ამდიდრებს ბავშვთა კვებას.
საუზმე გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ბაღებში კვება არის სამკომპონენტიანი, რაც ბავშვს არჩევანის საშუალებას აძლევს. კერძოდ, თუ მანამდე საუზმეზე იყო მხოლოდ ფაფა, ან მხოლოდ კარაქიანი პური, ახლა სამ კომპონენტს შორის არჩევანის გაკეთება შეუძლია ბავშვს და შესაბამისად, საუზმე ყველასათვის მისაღებია.
რაც შეეხება სადილის კომპონენტს, აქაც განხორციელდა ცვლილება, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე რაციონიდან ამოღებულია რიგი კერძები: სიმინდის ფქვილის პროდუქტი, კერძოდ, ფაფა და ღომი, ამოღებულია ასევე ჩიხირთმის წვნიანი.