ევროპარლამენტი Facebook-ში აუდიტის ჩატარებას ითხოვს

Facebook-ის 29 მილიონი ექაუნთიდან პირადი ინფორმაციის გაჟონვისა და Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის გამო ევროპარლამენტი სოცქსელში აუდიტის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.
რეზოლუცია, რომელიც დღეს ევროპარლამენტარებმა მიიღეს Facebook-ს აძლევს რეკომენდაციას თუ როგორ გადაწყვიტოს სოცქსელმა არჩევნებში ჩარევის საკითხი.
მანამდე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტმა მსგავსი რეზოლუცია მიიღო და სოცქსელს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება მოსთხოვა.
ცუკერბერგი ევროპარლამენტარებს მაისში შეხვდა. მოსმენა მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გაჟონვას ეხებოდა. ამავე ფორმატში აპრილში, ცუკერბერგმა აშშ-ის სენატის კითხვებს უპასუხა. თუმცა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლაზე უარი განაცხადა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის გამო Facebook-ი დიდი ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა კომისიამ 500,000 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა.
Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
წყარო